Tuesday, December 7, 2010

ციხე-კოშკი

ფეოდალური ეპოქის დასახასიათებლად მატერიალური კულტურის არც ერთი ძეგლი ისე ნიშანდობლივი არ არის, როგორც საბრძოლო-თავდაცვითი კოშკი, რომელიც გუშაგად ედგა დასახლებულ ადგილს. მწვანეყვავილას ციხე-კოშკი საკმაოდ მოზრდილი ნაგებობაა. სიგრძით იგი 10.5მ-ია, სიგანით-6.5მ. ქვითკირით ნაშენი კედლები სისქით თითქმის 2 მ-ია. ციხე-კოშკი ოთხკუთხა ფორმისაა. სიმაღლით დაახლოებით 15-20 მ-ია, რომლის მეორე სართული წარმოადგენს გადაუხურავ, თითქმის ღია ბანს. კოშკის ქვედა სართულს კი ქვითკირით ნაშენი თაღოვანი გადახურვა აქვს, რომელშიც დატოვებულია ხვრელი ბანზე ასასვლელად. ციხე-კოშკის ქვედა სართულის ოთხივე კედელში გაკეთებულია სათოფურები სხვადასხვა ზომისა, ალბათ იარაღის სხვაობისდა მიხედვით. აღმოსავლეთ კედელში სამი სათოფურია, ამდენივე - დასავლეთისაში, ჩრდილოეთ კედელში - ორი, რომლებიც შემდგომ ქვით ამოუქოლავთ და სამხრეთით - ერთი. კოშკის შიგნით, კედლებში აგრეთვე გაკეთებულია დაახლოებით ერთი ზომის ნიშნები. ციხე-კოშკს აქვს ერთი შესასვლელი კარი, რომლის მარცხნივ, თვით კედელში გაკეთებული ყოფილა ბუხარი. საინტერესოა, რომ ბუხრის საკვამლე მილი ადის არა ზევით, კოშკის თავზე, არამედ ქვედა სართულის კედელში. ბუხრისათვის ქვასთან ერთად გამოყენებულია კარგად გამომწვარი მუქ - წითელი ფერის აგური. ციხე-კოშკი სწორედ რომ მკვიდრად და ოსტატობით არის ნაგები და თავის დროზე ძლიერი თავდაცვითი თვისების მქონეც იქნებოდა. მართალია, იგი არც ახლა გამოიყურება მაინცდამაინც ცუდად, მაგრამ სურო შემოხვევია, დადაბლებულა კიდეც.
1993 წელს მწვანეყვავილას ტერიტორიაზე არსებული მე-17 საუკუნის ისტორიული ძეგლი, კათალიკოს ზაქარია ქვარიანის მიერ აღდგენილი ციხე-კოშკი გაძარცვეს. ძეგლს ჩამოხსნეს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხრიდან შემავალი ორი კარი, რომლებიც სპილენძის ფურცლებით იყო მოჭედილი. გელათის მიტროპოლიტისა და იმერეთის მეფის მოძღვრის ზაქარია ქვარიანის მამას აბაშიძეთა კუთვნილი, ქალაქის განაპირას მდებარე პატარა გორა შეუძენია დაახლოებით 1605 წელს. შემდეგ გიორგი მეფეს [1605-1639წწ.] მისთვის მცირე ნაკვეთი უბოძებია, რომელზეც აშენდა ქვარიანთა ეკლესია ციხე-კოშკი და სახლ-კარი, მაშინ, როცა ზაქარია გელათის მიტროპოლიტი იყო.

No comments:

Post a Comment